“ავსხმარტალდი, გამოვიბრდღვენი მაისურის კიდე, ავიტაცე კოკროჭინა და გამოვიქეცი – ბავშვი მოვარიდე საშიშროებას” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ზაფხულში პატარა გოგო ჩვენთან ხშირად არის.
ხანდახან დილაობით დისშვილი ბიძასთან ურთიერთობას არ თაკილობს ხოლმე. მეც დავავლებ ხელს და ჩვენს პატარა ტყეში მიმყავს. მინდვრის ყვითელ ყვავილებსა და იისფერ ვარდაკაჭკაჭებს ელაპარაკება, ეფერება, ფუტკრების ზუზუნს ყურს უგდებს, მტრედებს აფრთხიალებს ❤❤❤ თუ გაგვიმართლა უზარმაზარ, შავ, ზანზალაკიან ძროხასაც ვნახულობთ ხოლმე. ყველაზე ბედნიერები მაშინ ვართ, როდესაც ცხენებს გადავაწყდებით. დიდ წრეებს ურტყამენ ჩორთით, სწრაფი ჯირითით. 8-10 წლის ბავშვები შიშით გარბიან მშობლებისკენ, ჩვენ პირიქით, ყველაზე მოხერხებულ ადგილს ვეძებთ ამ საოცარ სილამაზეზე დასაკვირვებლად, მატა პირველი მიიწევს წინ, გაგიჟებულები ვუყურებთ.
ჩვენი კოტეჯის უკან მდიდრული კვარტალია. შესაბამისად, ბევრ გავლენიან პირსაც შევეჩედებით ხოლმე, როგორც წითელქუდა მგელს ))) ლამის ყოველდღიურად მეორდება ეს ამბავი. ზოგჯერ პატივსაცემ პარლამენტარებსაც გასაუბრებით, ათასში ერთხელ.
ამასწინად უთენია დავსტაცე ჩემს გოგოს ხელი და წავედით სასეირნოდ. ტყეში ერთი დიდი სასრიალო დგას, ჩემი ისტორიის მასწავლებელი მისი დანახვისას იტყოდა:” რავა ფორტი ბოიარდივითაა!”. მაღალია, უამრავი შესასვლელი აქვს, თოკები, გადმოსახტომი, მეხანძრის ძელი. მატაც სულ მისკენ მიიწევს. მეშინია, არ გადმოვარდეს, ამიტომ თუ ირგვლივ არავინ არის, ვაძლევ აძრომის უფლებას და მეც მივყვები კიბეებზე. ავძვერით, საშინელი გადასატომისკენ მიმავალი გზა გადავუღობე ჩვენს პატარას, ამიტომ კოხტად ჩასრიალდა და იქვე ბაბუაწვერებით დაიწყო თამაში… უკან წამოსვლა და კიბეებზე ჩამოსვლა დამეზარა, ვიფიქრე პირდაპირ ჩავსრიალდები-მეთქი. მართალია, ძალიან დიდი სასრიალოა, მაგრამ მაინც ვერ შევეტიე ))) ამიტომ ორივე ხელი ზევით ავწიე, გვერდით გადმოვტრიალდი და ისე ვცადე გამოძრომა. ისიც არის, რომ უნდა ჩამოვსრიალდე და მაისური გამოედო რაღაცას, ნახევრად ქვემოთ ვარ, ნახევრად ვკიდივარ, ნახევრად, წელს ზემოთ შიშველი ვარ, ბავშვი კისკისებს და ამ დროს….
– ბ-ნო ლევან, რა არის ეს? რა ხდება განათლების სამინისტროში? რა ხალხი დანიშნეს? ხმას რატომ არ იღებთ? – მეუბნება საყოველთაოდ ცნობილი, მდიდარი და გავლენიანი კაცი, რომელიც თურმე დილის ძუნძულისთვის გამოვიდა ტყეში თავისი ელექტრიკი ფოსფორისფერი ბოტასებით.
ავსხმარტალდი, გამოვიბრდღვენი მაისურის კიდე, გავთავისუფლდი, ავიტაცე კოკროჭინა და გამოვიქეცი – ბავშვი მოვარიდე საშიშროებას ))))))))
ჩემი კეთილი გოგო კი ხელს უქნევდა …