“ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ უბრალოდ ურწმუნო ვარ და მეშინია… კანონის მორჩილი კი არა, მე ახლა, კორონას მორჩილი ვარ, ასეა ნახევარი სამყარო, უბრალოდ ხმამაღლა აღიარება ტეხავს” – ნუგზარ სულაშვილი

ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ადამიანები ეკლესიებში ურწმუნოების გამო არ დადიან და არა კორონას შიშის გამო.
“ახლა ავდგები, ჩავიცვამ და წავალ სუპერმარკეტში…
ასე ვაკეთებ კვირაში ერთხელ. ზოგჯერ ორჯერაც…
რატომ და მშია…
თავს ხომ არ მოვიკლავ?
თქვენც ხომ ასე იქცევით? გშიათ და მიდიხართ…
საძრახისია ?
სრულიადაც არა, რადგან ეს არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, რის გარეშეც ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია…
სიმართლე რომ გითხრათ მეშინია. მეშინია, რომ არ დავინფიცირდე, მაგრამ რისკის ფასად მიღირს… ვერ გავუძლებ შიმშილს.
აი, რაც შეეხება სულიერ შიმშილს, მაგრად მკიდია.
რატომ?
იმიტომ რომ არ განვიცდი…
ამას მხოლოდ ის ადამიანები განიცდიან, ვისთვისაც სული და ხორცი განუყოფელია…
მე, ჩვეულებრივი ფარისეველი ვარ…
ღმერთის არსებობაზე რამე რომ მკითხოთ, საათობით ენას არ გავაჩერებ. ქრისტეს შობიდან, აღდგომამდე, ვიქაქანებ ამომწურავად და თქვენ წარმოიდგინეთ იმაზე უკეთ, ზოგიერთ “ანაფორიანს” რომ შეუძლია…
როგორ ფიქრობთ, ახლა რომელიმე თქვენგანმა, რომ მკითხოს “მორწმუნე თუ ხარო”, რას გიპასუხებთ?
რაღა თქმა უნდა ” დიახ”-ს. დასამტკიცებლად, უბიდან ნათლობის ჯვარსაც ამოვიღებ და თვალებზე აგაფარებთ…
შეიძლება ნაწყენი გამომეტყველებაც ვერ დავფარო, ეს როგორ მკადრეთ მეთქი და ბოდიშიც კი მოგახდევინოთ…
მაგრამ მე ამ ღამეს ეკლესიაში მაინც არ მივდივარ…
იმდენად ფარისეველი ვარ, გულში მიხარია კიდევაც რომ ყველა მონასტერი, ჩემს ირგვლივ დაკეტილია…
ჰოდა თავს ვიმართლებ ღმერთთან, რა ვქნა ეს უღმერთოები შენამდე არ მიშვებენ საზიარებლად მეთქი.
არადა, ვინ, ვინ და სწორედ მან იცის ყველაზე უკეთ, რომ კანონის კი არა, კორონასი მეშინია…
პეტრემ სამჯერ უარგყო მამლის ყივილამდე უფალო. იმიტომ, რომ შეეშინდა…
ჩემს შემთხვევაში კი, ეს საერთოდაც არ დაგჭირდა.
თავადაც იცი რომ მე პეტრე არ ვარ.
ახლა რას ვიზამ?
ალბათ არც არაფერს…
უბრალოდ “ვისპეკულიანტებ” შენი სიყვარულით და თავს დავიმშვიდებ, რომ სიყვარულის ღმერთს კაცის სიძულვილი არ შეუძლია…
მთავარია კაცმა შეძლოს პეტრეს ცრემლებით სინანული…
აი, როდესაც მოვალ შენთან და გეტყვი, ღმერთო ასე იმიტომ გავაკეთე, რომ შენი გამოცდა არ მინდოდა მეთქი, დამიჯერებ?
არა, და არც უნდა დამიჯერო…
ამას იმიტომ ვაკეთებ რომ უბრალოდ ურწმუნო ვარ და მეშინია…
არც ის დაიჯერო, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მამომძრავებს, როგორც იურისტს და კანონის მორჩილი ვარ 😇 მე ახლა, კორონას მორჩილი ვარ. 😊
ასეა ნახევარი სამყარო. უბრალოდ ხმამაღლა აღიარება ტეხავს.” – წერს ნუგზარ სულაშვილი.