“არის შანსი, 2020-ის შემდეგ გაიხსნას შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“არის შანსი, 2020-ის შემდეგ გაიხსნას შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. მთავარი კითხვაა, შეხვდება თუ არა საქართველო მომზადებული ამ შანსს.
ივანიშვილის პირობებში რომ შანსი გამოუყენებელი დარჩება, ეს სადაოც არაა. “ოცნება” ზუსტად იმიტომაა ხელისუფლებაში, რომ ეს არ მოხდეს.
მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემთხვევაშიც (რაც, ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდება), დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ მოხდება ეს ჩამოცილება.
პროპორციული არჩევნები ხელისუფლების ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური გადაბარების საშუალებაა. 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ ეს იქნება მეორე (და ლიბერალურ დემოკრატიად შედგომისთვის აუცილებელი) ასეთი პრეცედენტი. ეს კი განამტკიცებს დასავლეთში აზრს, რომ საქართველო – ზიგზაგების მიუხედავად – მტკიცედ ადგას ლიბერალურ დემოკრატიად ჩამოყალიბების გზას და რომ იგი სტაბილური, პროგნოზირებადი ქვეყანაა.
რაც უფრო მტკივნეულად მოხდება ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან, მით მეტად დარჩება ეჭვი ნატოელ პარტნიორებში, რამდენად მიაღწია საქართველომ სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის სათანადო დონეს.
არა მხოლოდ ხელსიუფლებაში დარჩენით, არამედ ხელისუფლებაზე ჩაბღაუჭებითაც კი ივანიშვილი გვიმცირებს ნატოში გაწევრიანების შანსს, თუკი შესაძლებლობათა ფანჯარა გაიხსნება.
41-ის შემომხაზველები კი ივანიშვილს უდასტურებენ, რომ ის ხელისუფლებას უნდა ჩაებღაუჭოს. ამიტომ, ვინც 2020-ში 41-ს შემოხაზავს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს დასავლურ არჩევანს – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად.”