გაიგეთ რატომ უყვარს პეტრე კოლხს სასაფლაოებზე ხეტიალი – “ვაკვირდებოდი ფოტოებს, ვიწერდი ეპიტაფიებს…”

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სასაფლაოებზე ხეტიალი გრანელმა შემაყვარა. ვაკვირდებოდი ფოტოებს, ვიწერდი ეპიტაფიებს… იქ ყველაზე მეტად გრძნობ, რომ წარმავალი ხარ, რომ შენც გაგითხრიან მიწას და ბოლო მოეღება ამქვეყნიურ ხმაურიან სიცარიელეს… მერე რა იწყება, არავინ ვიცით, მაგრამ უფრო კარგის და საინტერესოს მოლოდინი გვაქვს… ინტერესი მეტად იზრდება, რაც წლები გემატება… ეწინააღმდეგები საკუთარ თავს, არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ. გარდაცვალებამ ასაკი არ იცის… ბავშვობიდან ყოველთვის მეცინებოდა, როცა იტყოდნენ, ჯერ რა დროს სიკვდილია, ასაკით პატარაა. ასეთი აზროვნება გვადუნებს და ყოველწამიერად გვითრევს მიწიერ ყოფაში. გრანელი ვახსენე… ,,memento mori” მისი შემოქმედების გვირგვინია… ყველაფერი გვახსოვს, სიკვდილის გარდა… ჭამა, ჩაცმა, ერთმანეთის გულისტკენა, უსიყვარულობა, ეგოიზმი… გვახსოვს, გვახსოვს, სულ გვახსოვს… სიკვდილი მაშინაც არ გვახსოვს, როცა ერთმანეთს უკანასკნელ გზაზე მივაცილებთ… იქაც განკითხვაში ვართ… რომელ ჭირისუფალს რა ეცვა, ან ქელეხი როგორი იყო, ან ვინ რა ფასიანი გვირგვინი მიიტანა… არავის ახსენდება, რას წერდა იესო, როცა მიწას თითებით ეხებოდა… ერთმანეთისთვის ისე გავუცხოვდით, ცარიელი, ჩაღამებული თვალების ყურება სიკვდილზე უარესია!..