“დავლიე, ბევრი, ძალიან ბევრი იმიტომ, რომ ვზივარ ახლა მარტო, ოთხმოც წელს გადაცილებული ბებერი და ვფიქრობ… რა ვქნა, რა გავაკეთო, რომ ეს საშინელება არ ხდებოდეს ჩემს ქვეყანაში?!” – დოდონა კიზირია

მოქალაქე დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მე, რასაკვირველია, დავლიე, ბევრი, ძალიან ბევრი. იმიტომ რომ არ ვიცი, როგორ დავიხშო სმენა, როგორ დავიბრმავო თვალები, როგორ ავუკრძალო ჩემ თავს ფიქრი… თქვენც იცით, რაზე.
აი, ეხლა ღამის/დილის სამი საათია და მე ვზივარ მარტო, ოთხმოც წელს გადაცილებული ბებერი და ვფიქრობ, რა ვქნა, რა გავაკეთო, რა შემიძლია, რომ რაღაც სულ პატარა მაინც გავაკეთო, რომ ეს საშინელება არ ხდებოდეს ჩემს ქვეყანაში.
რომ გაერთიანდეს ჩემი ხალხი, მთელი საქართველო და მოიშოროს ეს სირცხვილი, ეს საშინელება, ეს ბოროტება.არ ვიცი, რა გავაკეთო. აი, მითხარით და ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლეს არ დავზოგავ, მაგრამ ეს ალაბათ სასაცილოც არის – ერთი ბებრუცანას სიცოცხლე. დიდი ამბავი!
რომ იცოდეთ, როგორ მტკივა გული, როგორ ვტირი, რომ არაფერი შემიძლია.
ხვალ ალბათ შემრცხვება, რომ ეს დავწერე, მაგრამ დღეს ფეხებზე მკიდია, ვინ რას იფიქრებს. ვტირი, ვტირი, ვტირი, ვტირი, ვტირი.ხომ გესმით, როგორ ვტირი.
ხვალ ამას წავშლი, დღეს კი არ მენაღვლება.