დოლარის კურსის გაზრდის გამო სახელმწიფო საგარეო ვალი მიმდინარე თვის განმავლობაში 4 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა – შოთა დიღმელაშვილი

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, კორონავირუსის ეპიდემიამ უკვე მოუტანა ეკონომიკური ზიანი საქართველოს, რადგან დოლარის კურსის გაზრდის გამო სახელმწიფო საგარეო ვალი მიმდინარე თვის განმავლობაში 4 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა.
” მხოლოდ დოლარის კურსის გაზრდის გამო სახელმწიფო საგარეო ვალი მიმდინარე თვის განმავლობაში 4 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა. მთავრობის საგარეო ვალი იყო $5.4 მილიარდი, ეროვნული ბანკის – 247 მილიონი. კურსის 25%-იანმა ზრდამ მხოლოდ საგარეო ვალში 4 მილიარდის სხვაობა მოგვცა. 5 მილიარდი ლარი საშინაო ვალიც აქვს სახელმწიფოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო თვეში ჩვენი სახელმწიფო ვალი უკვე გადააჭარბებს მშპ-ს 50%-ს, 25 მილიარდ ლარს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამდენი ვალის მიუხედავად 2020 წლის ბიუჯეტი მთავრობამ 2 მილიარდის დეფიციტით დაგეგმა, რათა ისევ ვალი აეღო – არჩევნებისთვის (იხ. TI-ის კვლევა ივნისიდან სექტემბრამდე ხელფასების ზრდაზე).ასევე არჩვენებთან დაკავშირებულია სახელმწიფო კომპანიების გაბერვაც, რის შედეგადაც ეს კომპანიები 2013-წლიდან ისეთ მინუსში წავიდნენ, რომ 2013-18 წლების ზარალმა ჯამურად 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა, ვალდებულებები კი 7 მილიარდამდე ავიდა. ეს მაშინ, როცა 2012 წელი სახ. კომპანიებმა 150 მილიონის წმინდა მოგებით დახურეს.”დღეს სახელმწიფო კომპანიები არაეფექტიანობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ” – ეს ჩემი სიტყვები არა, ეკონომიკის ქოცი მინისტრის, ქობულიას სიტყვებია. გასაკვირი არაა. სახელმწიფო კომპანიები 60 კ ადამიანს ასაქმებს.მოკლედ, ჩვენი მთავრობა ჩვენი სახელით იღებდა ვალს, ამ ვალს ქვეყნის წინსვლის ნაცვლად საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაში ხარჯავდა, რის გამოც ვალი კიდევ უფრო გაგვეზარდა და ყველაფერი ისევ ჩვენი და ჩვენი შვილების სახდელია. როცა კრიზისისთვის მოუმზადებელი, ვალებზე და ტურიზმზე დამყარებული ეკონომიკა ხუხულასავით იშლება, კიდევ ასიათასობით დოლარს პოულობენ ფეისბუკზე დასახარჯად, ტროლებისთვის გადასახდელად. ჩვენც გვიხარია და ხბოს აღტყინებით ვრეაგირებთ მორიგ თვალის ჩაპაჭუნებაზე ან საჯარო დაცაცხანებაზე. გავიგე, “ახლა კრიტიკის დრო არ არის”, მაგრამ ეგ თამაში ცალკარა არ უნდა იყოს”, – წერს შოთა დიღმელაშვილი.