“დღესაც არიან კეთილშობილი და პატიოსანი მღვდელმსახურები… ცუდს რომ ვიტყვით, კარგიც გავიხსენოთ ხალხო!” – მამუკა გამყელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს:
6 წლისა მომნათლეს ქაშუეთის ეკლესიაში. ძალიან სასიამოვნო გარეგნობის, ჩია ტანის, უკვე ხანშიშესული მღვდელი იყო. გავიდა 15 წელი და იმავე მღვდელმა, უკვე მოხუცებულმა, ჩემი ქალიშვილი მონათლა. არც სახელი მახსოვს იმ მღვდლის და არც არა ვიცი მასზე. მხოლოდ უზარმაზარი სითბო მახსოვს ამ ადამიანის საუბრიდან რომ მოდიოდა, როგორ იღიმებოდა მოკრძალებით, როგორ უციმციმებდა სიკეთით თვალები. და მთავარი, რაც დამამახსოვრდა, მისი ძველთაძველი ფეხსაცმელები და დაკემსილი წითელი სამოსი.
მამაჩემი რომ მიდიოდა, მოსკოვში, ზიარებისთვის უცნობი მღვდელი მივუყვანე საავადმყოფოში, რუსული ეკლესიიდან. მერე გავიგე, შვიდი შვილის მამა ყოფილა. რამდენიმე საათი იჯდა მამაჩემის სარეცელთან და ესაუბრებოდა. ზიარების შემდეგ საოცრად მშვიდი იყო მამაჩემი. არც ფული გამომართვა მღვდელმა და მეც დამამშვიდა. სიკვდილი არ არსებობს, მხოლოდ გარდაცვალებაა და არ დაგავიწდეს ესო.
დღესაც არიან კეთილშობილი და პატიოსანი მღვდელმსახურები. მსახურობენ სიკეთით, სიყვარულით და არც ჩინები აქვთ და არც გაბრწინებული თუ გაბრდღვიალებული ჯვრები. მათზე დგას დღეს ქრისტეს ნაშენი ეკლესია, სარწმუნოების სხეული.
ცუდს რომ ვიტყვით, კარგიც გავიხსენოთ ხალხო !