“ივანიშვილის გეგმით ეკლესიამ უნდა გაიზიაროს იგივე ბედი, რაც საქართველოს ეკონომიკამ… ის უნდა ჩამოიშალოს” – ნუგზარ წიკლაური

ნაიონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მგონი ბრმაც კი ხედავს, რომ ეკლესიაზე შეტევა და ”სოდომგომორული” აჟიოტაჟი არის მთავრობის და პირადად ივანიშვილის მიერ მოწყობილი შეტევა… ეს თავდასხმა გუშინ არ დაწყებულა და მისი მიზანია ისედაც შერყეული ქართული ინსტიტუტების მიწასთან გასწორება…
ბევრი რამ გვახსოვს, ეკლესიის მსახურთა ბევრმა ნაბიჯმა მოგვიკლა გული, 1991 და შემდგომ წლებში მისი როლი ჩემთვის პირადად მძიმე გასახსენებელია; მათი პოლიტიკური არჩევანიც ხშირად ყოფილა მიუღებელი და გუშინდელი საკადრო არჩევანიც ქუთათელ ეპიკოპოსზე არ არის გამონაკლისი.
მაგრამ ახლა სრულიად სხვა რამ
ხდება: ვინც შვიდი წელია ანგრევს ქვეყანას, იმავე ადამიანმა გადაწყვიტა მოსპოს ეკლესიაც.ივანიშვილის გეგმით ეკლესიამ უნდა გაიზიაროს იგივე ბედი, რაც საქართველოს ეკონომიკამ, პოლიტიკურმა სისტემამ და მთლიანად საზოგადოებამ – ის უნდა ჩამოიშალოს, რადგან რუსული დიქტატურა ვერ შეეგუება ვერცერთ ინსტიტუციას, რომელიც თუნდაც უმცირეს საკითხში, მაგალითად კანაფის კულტივაციის საკითხში, გასწევს წინააღმდეგობას.
ასევე, ივანიშვილს და მის ქვეშევრდომებს სურთ ნებისმიერი გზით გადაფარონ შეთქმულების თემა პრემიერის და შსს მინისტრის მონაწილეობით – ის, რაზეც იაკობმა ისაუბრა და რაზეც საქმეც კი არავის აღუძრავს და ძიებაც კი არ დაწყებულა. ამიტომ მოიგონებენ ათას რამეს, ათას სიბინძურეს, აურევენ ტყუილს და მართალს, რათა ამ მთავარი საკითხის დეაქტუალიზაცია მოხდეს.
საბოლოოდ, მიზანი ერთია: სრული და საბოლოო დემორალიზაცია, დეგრადაცია, უიმედობის და უსასოობის ახალი შხამი ქართველი ხალხისთვის, რომ ყველაფერზე ხელი ჩავიქნიოთ, ახალი ათასები წავიდნენ საქართველოდან და სხვები კი დამორჩილდნენ რუსული დიქტატურის პირობებს.
ახლა მთავრობის მიერ ორგანიზებულ და ტირაჟირებულ ბილწ კამპანიაში მონაწილეობა გადაგვაქცევს ივანიშვილის გეგმის ნაწილად. ყველა სამიზნე არის ყალბი, გარდა ერთისა: ივანიშვილის რუსული მთავრობაა ამ
ქვეყნის მთავარი მტერი, რომლის მოცილებამდე ყოველი დღე ახალი ტრაგედიების და ეროვნული ინტერესების გაყიდვის დღე იქნება.