“იმ ქვეყნის დეპუტატის მიერ სხდომის წაყვანა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევას, არის არასწორი” – გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
უპირველესად მსურს აღვნიშნო, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვა დიდი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო სახისათვის, რადგანაც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები.
გუშინ, ასამბლეის სხდომის გახსნაზე მოვისმინეთ ბ-ნ ირაკლი კობახიძის წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხი.
ვიცით რა საქართველოს პარლამენტის წევრების და ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისადმი, მიმაჩნია, მიუხედვად იმისა, რომ ასამბლეაზე დაყენებული თემა, მართლმადიდებელთა ერთიანი ხმის არსებობა, ჩვენი ქვეყნისა და ადამიანებისათვის ყველა საჭირბოროტო საკითხზე დიალოგის გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანია – დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრისაგან სხდომის წაყვანა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევას, არის არასწორი.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია