“მიიჩნევს, რომ მასზე მეტად უმცროსი და იმსახურებს უმაღლესი განათლების მიღებას… მიატოვა ყველაფერი, სასტიკ შრომას ეწევა თურქეთის სუბტროპიკებში, რათა დას გაუკაფოს გზა” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ირგვლივ იმდენად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რომ გატანჯულ, დაღლილ ადამიანებს ძალიან უჭირთ იმ მოვლენების აღმოჩენა, რომელთა გამოც ეს ქვეყანა შეიძლება ძალიან შეიყვარო. არადა, ირგვლივ ძალიან ბევრი მარგალიტია.
რამდენიმე დღის წინ ყველამ შევიტყვეთ 80 წლის ქუთაისელი ქალის შესახებ, რომელიც უსასყიდლოდ, უანგაროდ დადის მისთვის სრულიად უცხო ადამიანებთან, ავადმყოფებთან და განსაკუთრებული მზრუნველობით უვლის მათ. ჩუმად, წყნარად, თავისთვის და აბსოლუტურად ჩვეულებრივად აკეთებს მის მიერვე აღმოჩენილ საქმეს.
მარტო სოფელ ორპირის თემში (ტყიბული) ორი ქალი ცხოვრობს, რომლებმაც ზეპირად იციან “ვეფხისტყაოსანი”. ამასწინად, მათთან ინტერვიუებს მოვუსმინე. თვალებში ცეცხლი უგიზგიზებთ, რუსთაველის შემოქმედებაზე ლაპარაკს რომ იწყებენ. უყვართ ყველა სიტყვა, ამ სიტყვებით ცხოვრობენ და სუნთქავენ.
ჩემს ერთ სტუდენტს ძმა ჰყავს, რომელიც მიიჩნევს, რომ მასზე მეტად უმცროსი და იმსახურებს უმაღლესი განათლების მიღებას. თავად მიატოვა ყველაფერი, უმძიმეს, ურთულეს და სასტიკ შრომას ეწევა თურქეთის სუბტროპიკებში, რათა დას გაუკაფოს გზა. ნამდვილად საშინელი მოსასმენი იყო ეს ამბავი, უსამართლობის განცდამ კინაღამ დამახრჩო, მაგრამ თან ისეთი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა თავდადებული ადამიანისადმი, მისი გადაწყვეტილებისა და სიმამაცისადმი, რომ იმედის ბოლო მარცვალი მაინც შევინარჩუნე.
პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც თავისი ხელფასის ნაწილს ჩუმად ურიცხავს მეგობარს. განა მისი მეგობარი მუქთამჭამელია, პირიქით, მუყაითად შრომობს. არა, უბრალოდ, მას ოჯახი ჰყავს და მეგობრის აზრით, უფრო მეტი სჭირდება.
სულ რამდენიმე დღის წინ დავესწარი ლექციას, რომელსაც 35-ზე მეტი ევროპელი სტუმარი უსმენდა. ყველანი სხვადასხვა აკადემიის წარმომადგენლები იყვნენ, ფუნდამენტური და ღრმა განათლებით, დიდი გამოცდილებით. ლექციის დასრულების შემდეგ ქართველ მომხსენებელს ჯგუფის ხელმძღვანელმა, ათასი წლის კაცმა უთხრა:” ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ კავკასიის მთების ძირას, ასეთ შორეულ კუთხეში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც არასდროს უცხოვრია, უსწავლია, უმუშავია ჩვენთან, მაგრამ მაინც ზემიწევნად კარგად და ჩვენზე უკეთ იცის ევროპის ერთი მოკრძალებული ქვეყნის ენა, კულტურა და ისტორია, ლიტერატურა და ფილოსოფია”.
და კიდევ რამდენია ასეთი საოცარი და ყველაფრის მიუხედავად მაინც ხალისით სავსე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ბევრი… ღირს აქ ცხოვრება, მათი ჭირისა და ლხინის გაზიარება, მათი თავდადებით გულის გახარება და მათთან ერთად უკეთეს ამბებზე ფიქრი.