მილიონების სანაცვლოდ ჩინურ კომპანიასთან გარიგებული საქართველოს ხელისუფლება!

მილიონების სანაცვლოდ ჩინურ კომპანიასთან გარიგებული საქართველოს ხელისუფლება! ჩინური ,,სინოჰიდრო” ინფრასტრუქტურის სამინისტროს 37 მილიონიანი ჯარიმის გადახდას სთხოვს. გზების მშენებელი კომპანია დავების განმხილველ დისპუტ ბორდს არწმუნებს, რომ ქობულეთი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისას შექმნილი შეფერხება მათთვის ამ ოდენობის ზარალის მომტანი იყო. მაია ცქიტიშვილის უწყებამ სოფელ აჭვადან იმ ოჯახების გასახლება გააჭიანურა, რომლებიც შემოვლითი გზის სამშენებლო ზონაში ცხოვრობდნენ. დაზარალებული ისმაილ კონცელიძე ამბობს, რომ ტენდერის გამოცხადება და მილიონების ჩარიცხა ჩინური კომპანიისთვის ისე მოხდა რომ მასთან მოლაპარაკება დასრულებული არ იყო. ,,ბულდოზერით მოვიდნენ, 29 თებერვალი იყო, სიცივეში გამოგვყარეს მთელი ოჯახი გარეთ, დაანგრიეს ჩემი მამაპაპისეული სახლი, მომიკლეს 11 ლიტრიანი მარჩენალი ძროხა..ის ღამე ღია ცის ქვეშ გავატარე” – ამბობს 72 წლის ისმაილ კონცელიძე, რომელმაც დარღვეული უფლებების აღსადგენად და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად,სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უკვე მიმართა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ანაზღაურების გარდა, ივანიშვილის მთავრობას იმ 37 მილიონის გადახდაც მოუწევს, რომელსაც ჩინური კომპანია დავების განმხილველ დისპუტ ბორდს სთხოვს. ოპოზიცია ამბობს, რომ გზების დეპარტამენტი კორუფციულ გარიგებაშია ,,სინოჰიდროსთან” და ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვაში ხელს თავად უწყობს. “როგორ ფიქრობთ, რამდენი დაუჯდებოდა სახელმწიფოს ამ ერთი ოჯახის გაყვანა ისე რომ არც ვანდალურად არ გამოესახლებინა და არც ამდენი მილიონი არ გადაეყარა წყალში? ბევრად იაფი! მაგრამ ეს მათსავე ინტერესშია. მსოფლიოში ცნობილ კორუმპირებულ ჩინურ ,,სინოჰიდროსთან” სავარაუდოდ ჩვენი ხელისუფლებაც დანაშაულებრივ გარიგებაშია და ერთად ინაწილებენ ხალხის მილიონებს” – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მირდატ ქადამაძე. ოპოზიციის ეჭვებს განსაკუთრებულად ამძაფრებს ის, რომ ხელისუფლება არც კი ცდილობს 37 მილიონის მოთხოვნა საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს. მით უფრო რომ დისპუტ ბორდის გადაწყვეტილებები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, ჩინური ,,სინოჰიდრო” არის კომპანია, რომელმაც მსოფლიოში და საქართველოშიც, სახელი კორუფციულ გარიგებებთან ერთად, უხარისხო გზების მშენებლობით გაითქვა.