“მიტინგების დარბევისა და კონტრაქციების ორგანიზების გარდა, კიდევ რაღაც შესძლებია!” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მან პანდემიის დროს ეროვნული ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
“რა შესანიშნავია ეროვნული ერთიანობის შეგრძნება !!!
ამ დროს ყველანი ერთ მხარეს ვდგავართ, ყველას საერთო მოწინააღმდეგე გვყავს, ყველა ვგულშემატკივრობთ საკოორდინაციო შტაბს, ვხვდებით, რომ მისი წარმატება ჩვენი საერთო სიკეთის წინაპირობაა. ვხედავთ, რომ ნამდვილ პროფესიონალებს ეთქმით სიტყვა, ხელისუფლება ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების ლოგიკას მიჰყვება. ვცდილობთ დავიცვათ წესები და ზედმეტი თავისტკივილი არ გავუჩინოთ ქვეყანას. გახარებული ვარ, რადგან ვხედავ იმ დისციპლისა და ნდობას, რომელსაც მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა იჩენს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ (ათ საათზე “კრუგზე” სიგარეტის საყიდლად გამოსული მთვრალი კაცი და მისი მძარცველები გამონაკლისს წარმოადგენენ).
ცხადია, ასეთ დროს ძალაუფლების მქონე პირთა მოქმედებებს განსაკუთრებით უნდა დავაკვირდეთ, ცდუნება დიდია, კრიტიკულად უნდა განვსაჯოთ მათი ქცევა, ოღონდ კეთილი მიზნით, ეროვნული ერთიანობის ამოცანების გათვალისწინებით.
სამწუხაროდ, ქვეყნის ოპოზიციურ ძალათა ნაწილს ერთიანობის შეგრძნება არ აქვს, მათ არ შეუძლიათ საყოველთაო, საერთო საქმეზე მუშაობა და უმძიმეს დროსაც არეულ-დარეულობას ესწრაფვიან … თავიანთ ბოროტმოქმედ, ნაპროკურორალ ნაძირლებსა და მის ბანდასაც ხომ აქტიურად იყენებენ ყველა ფრონტის მოსარღვევად.
რა საშინელებაა, როდესაც კრიტიკულ მომენტში, დროებით და აუცილებელ ერთიანობაში მონაწილეობის მიღება არ შეგიძლია და არ შეგწევს ძალა გვერდით დაუდგე სახელმწიფოს ( და არა ხელისუფლებას), რომელმაც ძლივს პოზიტიურად წარმოაჩინა თავი და გვაგრძნობინა, რომ მიტინგების დარბევისა და კონტრაქციების ორგანიზების გარდა, კიდევ რაღაც შესძლებია!
იმედია, საკოორდინაციო შტაბი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას, არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომებს და სამშვიდობოს გაგვიყვანს.
P.S. ომის დროს ერთმანეთზე დანასისხლად გადაკიდებული ეტლი და ჩერჩილი ერთ მაგიდასთან ისხდნენ. დეფოლტის დროს ზიუგანოვმა იელცინს დაურეკა და პრიმაკოვის არჩევაში მიეხმარა. ჩვენთან ეს წარმოუდგენელია, ფიქრიც არ მინდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა საკოორდინაციო შტაბის წევრი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი რომ იყოს…. მეორე დღეს ჭიაბერაშვილი იტყოდა ყველა საიდუმლოს საერთაშორისო ბრიფინგზე.” – წერს ლევან ლორთქიფანიძე.