ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 74 პროცენტს არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთია ორგანიზაციის მიერ დასმულ კითხვაზე — ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს — პასუხი.

როგორც კვლევის პრეზენტაციისას, NDI-ს წარმომადგენელმა, ლორა ტორტონმა განაცხადა, ესაა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო პერიოდში, როცა მოსახლეობას არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედს, 20 პროცენტს აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 59-მა პროცენტმა გამოთქვა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 62 პროცენტის აზრით, ოპოზიციას უნდა ჰყავდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოკითხულთა 41 პროცენტის აზრით კი, უკეთესი იქნება თუ არჩევნებს მმართველი პარტიის გარდა სხვა მოიგებს.

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი – 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

წყარო