“მტკვრის სატრანსპორტო არტერიად გამოყენება ( ”მტკვარბუსები”) და თბილისის ”ღამის ქალაქად” გადაქცევის გეგმა” – იდეები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ნაციონალებს მოპარა

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
თბილისის მერის არჩევნებზე პროგრამაზე მუშაობისას რამდენიმე კარგი იდეა ვერ მოხვდა ჩვენს საბოლოო დოკუმენტში. ჩავთვალეთ, რომ არ ვიყავით ამისთვის მზად ან არ იყო შეთავაზება ბოლომდე დასაბუთებული. ცოტა გული კი დამწყდა, რომ რამდენიმე ასეთი იდეა მოგვიანებით ქართული ოცნების მიერ იქნა გახმოვანებული, მაგალითად, მტკვრის სატრანსპორტო არტერიად გამოყენება ( ”მტკვარბუსები”) და განსაკუთრებით, თბილისის ”ღამის ქალაქად” გადაქცევის გეგმა. ეს კონცეფცია ”ღამის ეკონომიკისა” და ბერლინის მსგავსი ელექტრონული მუსიკის კერების გაჩენას ითვალისწინებდა. ნახევრადხუმრობით ვამბობდით, პარტიის ოფისის ”თეთრ დარბაზში”( უზარმაზარი მრგვალი, თეთრი მაგიდა გვიდგას), სადაც პროგრამაზე ვმუშაობდით, სუსის მოსასმენი აპარატურა ხომ არ იყო დამონტაჟებული.
რატომ ვიგონებ ამ ისტორიას? დიდი განხილვის თემაა ამ დღეებში თბილისის ”ღამის მინისტრის” მაღალი ხელფასი. არ მიმაჩნია ეს დიდ პრობლემად, ორჯერ მეტი ჰქონდეს, ოღონდ საქმე გაკეთდეს. ჩამკვდარია ეს მართლაც რომ კარგი იდეა და არავითარი იმედი არ ჩანს მისი ხორცშესხმის.
ისე, თუ საპროგრამო იდეების ”მოპარვაშია” საქმე, ვთავაზობ თბილისის მერიას მიითვისოს ერთი საოცარი იდეა და დაიწყოს იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქის მთავარი პარკის მშენებლობა. საჯინიბოებისა და ადმინისტრაციის ტერიტორია უკვე განადგურებულია და იქ ბეტონის ჯუნგლებია წარმოქმნილი. იქნებ ეს ადგილი მაინც გადავურჩინოთ მომავალ თაობას.