“ოჯახში თუა ოთხი ამომრჩეველი, უნდა გაიშალოს ფრონტზე და ოთხ სხვადასხვას მისცეს ხმა… ავირჩიოთ ჭრელა-ჭრულა პარლამენტი” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
” მოახლოვდა არჩევნები. სიმართლე რომ გითხრათ, მეც მეზარება სახლიდან გასვლა, მაგრამ როგორც ქალი პასუხისმგებლობა – 2020, 2021, 2022 და ასე სიკვდილამდე, გადავლახავ სიზარმაცეს და წავბრძანდები პირბადით და ჰალოუინის გრიმით (ერთ დღესაა ეს ორი დიდებული დღესასწაული, კუდიანების და გუდიანების). “გათიშე და იბატონეო”, ძველი რაჭული ანდაზა ხომ გახსოვთ? და ამ ანდაზას ჩვენს წინააღმდეგ რომ იყენებენ მთავრობები, გვაქუცმაცებენ და ერთმანეთს გვაძიძგნინებენ, ეგეც ხომ გახსოვთ? ხოდა ძლივს ჩვენს მოედანზეა ბურთი და ერთხელ მაინც ჩვენ გავთიშოთ და ვიბატონოთ, ავირჩიოთ ჭრელა-ჭრულა პარლამენტი, – ცოტა გირჩი, ცოტა ლელო, ცოტა ოცნება, ცოტა ნაციონალი, ცოტა წითელზე დავდოთ, ცოტა შავზე და ასე… და ჩავსკუპდეთ მერე პოპკორნებით სავარძლებში, ჩავრთოთ ტელეყუთები და გავერთოთ გემრიელად. მოკლედ, ოჯახში თუა ოთხი ამომრჩეველი, უნდა გაიშალოს ფრონტზე და ოთხ სხვადასხვას მისცეს ხმა” – წერს ნათია ფანჯიკიძე.