“პაატა, ჩვენისთანა ბიჭების ხელით ან შენდება სახელმწიფო ან ინგრევა იგი, მოდი ერთ მხარეს დავდგეთ…” – ირაკლი ღლონტი პაატა სალიას მიმართავს

პარტია კანონი და სამართალის წევრი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გამარჯობა, ახლა გავეცანი თქვენს ინტერვიუს, სადაც აცხადებთ, რომ რუსთავი 2- ში კატასტროფული სიტუაცია დაგხვდათ.
გამაღიზიანა ამ ინტერვიუმ და საჯაროდ მინდა გამოგეხმაუროთ. მესმის, რომ ნებისმიერი მენეჯერის ვალია შეაფასოს და გაანალიზოს კომპანიის მდგომარეობა, იზრუნოს გაუმჯობესებაზე და ჰქონდეს ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა ხომ არ გავიწყდებათ, რის და ვის გამო აქვს ტელეკომპანიას პრობლემები ? ისიც ხომ არ გავიწყდებათ, რომ უშუალოდ თქვენი ჩართულობით მოხდა ამ პრობლემებისთვის საფუძვლების ჩაყრა ? არც ის მინდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა პროცესს ვესწრებოდი დილიდან საღამომდე, განსხვავებით ბევრი ,,ინტერვიუს პოლიტიკოსისგან”, სადაც ჩემივე თვალით ვხედავდი თქვენთვის გამწვანებულ სასამართლო პროცესებს, სადაც თქვენ, აყენებდით მოთხოვნებს და შემდეგ პაექრობდა სისტემა – ე.წ. მოსამართლეების სახელით.
მინდა დავიჯერო, რომ კარგად გახსოვთ ან იცით რ2-ის სირთულეებით სავსე გზა, საიდან სანამდე მოვიდა, რა გადაბარდა იგივე თქვენს წინამორბედს და რა ჩაიბარეთ თქვენ. თქვენ რ2-ს ზომავთ მხოლოდ ფინანსური მოცემულობით, თუმცა ერთი სიტყვა არ დაგცდენიათ, რომ მართვაში გადმოგეცათ საუკეთესო ჟურნალისტებით დაკომპლექტებული ყველაზე რეიტინგული არხი, არც იმაზე საუბრობთ, როგორი ინფრასტრუქტურა და პავილიონები გაქვთ. იქნებ იყოთ ობიექტური და ისიც ახსენოთ, რამდენად რთულია თქვენივე მონაწილეობით კატასტროფულ კრიზისში აღმოჩენილი ტელეკომპანია წერდეს მაღალ რეიტინგს.
იმ მხარეს ხართ, რომლის გზაც უსწორმასწორო და საფრთხის მომტანია სახელმწიფოსთვის, ამ უკანასკნელის თვალსაზრისით რ2 უკვე არაფერია. ჩემთვის მნიშვნელოვანია სიმართლე, სიზუსტე და ობიექტურობა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე თქვენ მე ეს ვერ დამანახეთ და ვხედავ მხოლოდ სისტემის იარაღის როლში დგომას, რომელიც ანადგურებდა საუკეთესოს და ახლა იმდაგვარ ლუსტრირებას ახდენთ, თითქოს არაფერ შუაში არ იყოთ და ეს სხვამ ჩაიდინა მიზანმიმართულად.
1 წუთით მაინც დაფიქრდით, შეძლებდით კი იმდენს, რამდენიც თქვენმა წინამორბედმა შეძლო იმ წლების მანძილზე ? ადამიანურად გაანალიზეთ ეს და დაგეხმარებათ ბევრს რამეში.
ერთ რჩევას გულწრფელად მოგცემთ. მიხედეთ რეიტინგულ ტელეკომპანიას, დიახ, ვიცი, რომ მას აქვს ფინანსური სირთულეები, მაგრამ თუ მართლა ორგანიზაციის შენარჩუნება გინდათ ნუ ხართ სისტემის მსახურებაში და მეტი დრო დაუთმეთ ანტიკრიზისულ სამუშაოებს, ანტიკრიზისული გეგმის პირველ პუნქტად განსაზღვრეთ, რომ ხელთ გიპყრიათ მაღალრეიტინგული ტელეკომპანია და მისი ეს მოცემულობა დააკონვერტირეთ არხის გადასარჩენად, პატივი ეცით და დააფასეთ პროფესიონალები, რომლებიც მანდ ისევ გყავთ და ბოლოს – ნუ გამოიყენებთ თეორიულ შესაძლებლობებს ბოროტებისთვის, ადამიანების დასატერორებლად, რადგან გარწმუნებთ, იქნება ცვლილებები და ამ ცვლილებების შემდეგ ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.
პაატა, ჩვენისთანა ბიჭების ხელით ან შენდება სახელმწიფო ან ინგრევა იგი, მოდი ერთ მხარეს დავდგეთ და ერთმანეთის გაწირვაზე ღირსეული ალაგი ვუპოვოთ ერთმანეთს, მითუმეტეს შენ, რომელიც შენს წინამორბედთან ერთად ამ სისტემის ფუძემდებელმა ოკუპანტმა რუსეთმა ერთ დროს დაუნდობლად გამოგაძევათ სახლიდან. მე გთავაზობ სხვა გზას, უკომპრომისობას ოკუპანტის წინააღმდეგ, ვერ შეძლებ ? შეძლებ ! გაემიჯნე, გადადექი, მოდი და უნარები მივმართოთ სიკეთისკენ !