რატომ არის კორონა-პანდემია ყველაზე მეტად აშშ-ში გავრცელებული? – რას ამბობენ მედიკოსები

ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აშშ-ში კრონავირუსის ფართოდ გავრცელების მიზეზებზე საუბრობს.
რატომ არის კორონა-პანდემია ყველაზე გავრცელებული ამერიკაში?
პასუხი მარტივია; იმიტომ რომ ამერიკა ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა პლანეტაზე.
რამდენადაც მკრეხელურად და გამაღიზიანებლად არ უნდა მოეჩვენოს მავანს, მხოლოდ ამ მოვლენის მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს მსოფლიოში პიროვნული და მოქალაქეობრივი თავისუფლების გრადაციის შკალა.
ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ვწერდი, რომ მიკროსამყაროსთან ომს ყველაზე უფრო ადვილად ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმები, ან შეზღუდული დემოკრატიის მქონე ქვეყნები გაუმკლავდებოდნენ. ამჟამად ფაქტი სახეზეა; თუმცა ცხადია ამ ჭრილით არავინ გააკეთებს პანდემიის შედეგების შეფასებას. ზუსტად იგივე ფენომენი მუშაობს, რომლის მიხედვითაც 2016-ში CNN-მა ეგზიტპოლების მეშვეობით ვერ შეძლო ტრამპის გამარჯვების წინასწარმეტყველება. ვერც წელს შეძლებს
🙂
ასე რომ, როდესაც პანდემიის მართვის წარმატებებზე ვსაუბრობთ, გაითვალისწინეთ ეს მოცემულობა; ცხადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტების დადგენა გსურთ.
გარკვეულ გამონაკლისს ვანიჭებ იმ სამოქალაქო საზოგადოებებს, რომლებშიც პრაქტიკულად ქვეცნობიერის დონეზეა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ბაზისური ელემენტები. მიხვდებით თავად, რომელ ქვეყნებს ვგულისხმობ.
ძალიან ცინიკური ვირუსია კორონა. ნათლად დაანახა მსოფლიოს საკუთარი არსებობის ფასი ” – წერს ზურაბ გურული.