“რომელ გათავისუფლებაზე ვლაპარაკობთ? ერთხელ, წლების წინ, ასეთ უცნაურ რამეს შევესწარი: ერთი მონაზონი …” – თამაზ ლომიძე

მამა თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავეყნებს:
რომელ გათავისუფლებაზე ვლაპარაკობთ?
ერთხელ, წლების წინ, ასეთ უცნაურ რამეს შევესწარი: ერთი მონაზონი პირად საქმეებზე გვესტუმრა სხვა ქვეყნის მონასტრიდან. თვითონ იმ მონასტრის წინამძღვარი იყო და საკმაოდ დიდი მონასტერიც ებარა. რამდენიმე დღე ჩვენთან გაატარა; რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. საკუთარი მონასტრიდან ხშირად ურეკავდნენ სხვადასხვა კითხვით. უცნაურობა ის იყო, რომ ნებისმიერ საკითხზე – სერიოზულზე, ნაკლებად სერიოზულზე თუ სულ უმნიშვნელოზე, თავის მხრივ ტელეფონით ურეკავდა ან მესიჯებს წერდა თავის მოძღვარს სხვა ქვეყანაში, სადღაც შორეულ მონასტერში, რადგან თვითონ, საკუთარი თავისგან არაფერზე არც პასუხის გაცემა უნდოდა და არც არაფრის გადაწყვეტა. სჯეროდა, რომ მოძღვარი რასაც ეტყოდა შორიდან, ის იქნებოდა ღვთის ნება. ფაქტობრივად საკუთარი გონება და განსჯა გამორთული ჰქონდა. გაკვირვებული ვუყურებდი და მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ნეტავ, საკუთარ მონასტერს როგორ ხელმძღვანელობს- მეთქი.
ღვთის ნება მხოლოდ იმაში კი არ ცხადდება, რასაც მოძღვარი გვეტყვის (თუმცა გამოცდილი და ჭკვიანი სულიერი მოძღვარი მართლაც სწორად და ღვთისსათნოდ გვირჩევს და გვზრდის), ჩვენი ნათლად მოაზროვნე და ქრისტეს მოძღვრებით განათებული გონება რომ აწონ-დაწონის, შეაფასებს და გონივრულად აირჩევს, იქაა ღვთისსათნო გადაწყვეტილებაც. ამისთვის უნდა აღზარდოს და ამ უნარის მიღწევაში უნდა დაეხმაროს კარგი მოძღვარი მრევლს. ხორციელ შვილებსაც ხომ ვზრდით და ერთ დღესაც წელგამართულებს თავისუფლად ვუშვებთ ცხოვრებაში, ასევე უნდა იყოს სულიერ შვილებთან მიმართებაშიც. სხვა ყველაფერი მონობაა.
“აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან გითხარით ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან” – თვით ქრისტეს სიტყვებია (იოანე 15,15).
დეკანოზი თამაზ ლომიძე