“სააკაშვილს რესურსი ჰქონდა გამოეძიებინა გამსახურდიას მკვლელობა. ნაცვლად ამისა, მან პრეზიდენტის ოჯახის წევრების ციხეში წამებით გაითქვა სახელი”

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს დებს:
ფარისევლობა არის მთავარი თვისება იმ ადამიანებისა, რომლებიც დღევანდელ საქართველოში თავიანთ თავს ელიტად მიიჩნევენ და შესაბამისი გავლენაც აქვთ მოხვეჭილი.
დღეს ყველა ზვიადისტი გახდა.
ზვიადისტობენ მშიშარა პოლიტიკოსები, რომლებმაც პირველი პრეზიდენტი ომის დროს მიატოვეს და ხილაბანდმოხვეულები აჭარიდან აწვდნენ ხმას მიმონგრეულ დედაქალაქს.
ზვიადისტობენ ადამიანები, რომლებმაც ტყეში მარტო დარჩენილი ლიდერის დახმარება ვერ გაბედეს და 11 ოქტომბრის პარლამენტში შევიდნენ, რათა თავიანთი ყოფილი კერპის მთავარი ოპონენტისთვის ლეგიტიმაციის მყარი საფუძვლები შეექმნათ.
ზვიადისტობს სააკაშვილი. გამსახურდიას ნეშტი ჯერ გაციებული არ იყო, როდესაც მისი დამხობის მთავარი მოქმედი პირებით დაკომპლექტებულ ფრაქციას ედგა სათავეში 1995 წლის პარლამენტში. 2003 წლის რევოლუციის დროსაც და პოსტ-რევოლუციური მთავრობაც გამოძეძგილი იყო იმ ადამიანებით, რომელთაც საშობაო ომის დროს ყუმბარმტყორცნები ეჭირათ ხელში. მმართველობის 9 წლის განმავლობაში სააკაშვილს ყველანაირი რესურსი ჰქონდა გამოეძიებინა გამსახურდიას მკვლელობის ფაქტი. ნაცვლად ამისა, მან პრეზიდენტის ოჯახის წევრების ციხეში წამებით გაითქვა სახელი.
ზვიადისტობს ივანიშვილი, რომელმაც გამსახურდიას ერთი წიგნი მაინც რომ წაიკითხოს, იმ წამსვე გიჟად გამოაცხადებს პირველ პრეზიდენტს. სრული მატერიალისტისთვის შტაინერი, ანთროპოსოფია და “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება” მხოლოდ სიგიჟეა და სხვა არაფერი.
ზვიადისტობენ ისინიც, ვინც ხვალიდან კვლავ რადიკალად, ფაშისტად მოიხსენიებენ მას… მის ეპოქაში რომ ეცხოვრათ, პირველნი ესროდნენ ყუმბარას მთავრობის სახლს.
ფარისევლობა მომწამლავია