“სინამდვილეში მან, ნაცვლად იმისა, რომ წარმოედგინა დასაბუთებები, კვლავ საჯაროდ გააგრძელა ბრალდებები” – ანდრია ჯაღმაიძე სარიას სასჯელის შესახებ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“I – მეუფე პეტრე აქ ბრძანებს, რომ სინოდალური კომისია სინოდზე არ შექმნილა.
სინამდვილეში კი:
გთავაზობთ ამონარიდს სინოდის ოქმიდან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი5 ივლისი, 2011 წელი
წმიდა სინოდმა იმსჯელა სასულიერო პირთა მიერ ზნეობრივი ნორმების დარღვევის ფაქტებზე და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა:
შეიქმნას ზნეობრივი ნორმების დარღვევათა შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1) სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)
2) გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი).II რაც შეეხება მამა ანდრია სარიას, ის ამტკიცებს, რომ კომისიამ აუკრძალა სიმართლის გაცხადება.
სინამდვილეში კი:
მას სხდომაზე მოსთხოვეს, წარმოედგინა (იგულისხმებოდა უახლოეს მომავალში) კომისიისათვის იმ ბრალდებების დამადასტურებელი დასაბუთებები, თუკი ასეთი მას გააჩნდა, რასაც ის საჯაროდ აკეთებდა. სწორედ ამ ფონზე მიეცა მას გაფრთხილება, რომ ცილისმწამებლური ბრალდებების გაგრძელების შემთხვევაში დადგებოდა სხვა სახის შედეგი. მან, ნაცვლად იმისა, რომ წარმოედგინა დასაბუთებები, კვლავ საჯაროდ გააგრძელა ბრალდებები. სწორედ ამ რეალობას მოჰყვა შემდგომი გადაწყვეტილება” – ანდრია ჯაღმაიძე