“სკოლის დერეფნის ყოველ მოსახვევში სირცხვილის სახრჩობელა დგას” – ფსიქოლოგი მაია ცირამუა სკოლებში არსებულ პრობლემბზე

ფსიქოლოგი მაია ცირამუა, საქართველოში სკოლებში არსებული პრობლემების შესახებსოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
„ადექი და დაფასთან გამოდი, ვნახოთ ერთი რა ხვითოც ხარ. გრძელი ენები კი გაქვთ და მშობლებს ზღაპრებს უყვებით სახლში… და მერე აქ გაშტერებულები ჩამოგვისხდებით. ადექი მეთქი, არ გესმის ბიჭო?!ადგომა არ შეეძლო. თითქოს ეს წყეული სირცხვილი გრძელ დაგრეხილ თოკად გადაქცეულიყო და მთელს სხეულზე შემოხვეოდა, ზუსტად ისე, როგორც მეკობრეები გაკოჭავენ ხოლმე დაპყრობილი გემის მეზღვაურებს. როგორც შეძლებდა გემბანზე დაგდებული და გაკოჭილი მეზღვაური ფეხზე წამოდგომას, მითუმეტეს დაფასთან მისვლას და მაგალითების ამოხსნას?! თოკი მკერდზე ისე ძლიერ ჰქონდა შემოხვეული სუნთქვასაც უკრავდა და გულისცემასაც უხშობდა, სახეზე ცეცხლი ეკიდებოდა, ხელისგულებიდან კი ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა და რამდენჯერაც შეეცდებოდა თოკს შეხებოდა, იმდენჯერ ხელიდან უსხლტებოდა და კიდევ უფრო მჭიდროდ ეკვროდა სხეულზე.
– ლაპარაკი არ იცი ბიჭო, ან ზრდილობა არ გაქვს ან სირცხვილი არ გაგაჩნია, ფეხზე დადექი რომ გეუბნებიან! – მათემატიკის მასწავლებელი ნელა- ნელა მოთმინებას კარგავდა და იმ მეკობრეს ემსგავსებოდა, რომელსაც სახეზე წაკრული სახვევიდან ვითომც დაზიანებული თვალი უჩანს და იქიდან სიბრაზის ნაპერწკლები ცვივა
– ორიანს გიწერ, მათემატიკაშიც და ზრდილობაშიც, თქვენ კი გილოცავთ კიდევ ერთ რეგვენ თანაკლასელს, ბედოვლათებო!
ზარის დარეკვისას ბიჭმა შვება იგრძნო. ძალა მიეცა, ყველა თოკი გაწყვიტა და კლასიდან გავარდა. თვითონაც არ იცოდა საით გარბოდა, მაგრამ აღარ შეეძლო იმ შენობაში გაჩერება, რომელიც ბრძოლის ველს ჰგავდა, უფრო სწორად დანაღმულ მინდორს, სადაც მიწის ყოველი გოჯი საშიშია, არ იცი ფეხს სად დაადგამ და რომელ ნაღმზე აფეთქდები. აქედან უნდა გაიქცე, სადმე გადაიმალო, აქ ყოფნა საშიშია. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგამცირონ, მასხრად აგიგდონ. ხმის ამოღებაც არ შეიძლება. არც გაჩუმება შეიძლება. ზუსტად ვერ მიხვდები რა შეიძლება და რა არა. სკოლის დერეფნის ყოველ მოსახვევში სირცხვილის სახრჩობელა დგას და თუ ნაღმებზე სიარული კარგად არ იცი, აუცილებლად იქ ჩამოგკიდებენ. და როცა კლასის დამრიგებელი დირიჟორივით ასწევს ხელს და დასჭექავს ბავშვების ქორო – სირცხვილი! სირცხვილი! კაბინეტიდან უთუოდ გამოვა სკოლის დირექტორი – მარია პეტროვნა და მისი საშიში ხმა ზარივით დარეკავს
– და, აქ რა ხდება?! აქეთ შეჯგუფდით თქვენ ბავშვებო, აქეთ – კარგად რომ დაინახოთ ის, ვინც გვარცხვენს, ის, ვინც ვერ დაისწავლა ჩვენი წესები. ის, ვინც ოჯახში არ იზრდება. ის, ვინც უპატრონოა და გაუზრდელი. გახსოვდეთ ყველას – ბავშვებს მარტო გაჩენა კი არა, აღზდაც სჭირდებათ! აღზრდა სიმკაცრის გარეშე არ გამოდის. წესი წესია! რას აკეთებენ თქვენი მშობლები, თვალები სად აქვთ, ვერ ხედავენ როგორ წაგიხდათ საქციელი?! აჰა, შეხედეთ ამ ბედოვლათს, დაიმახსოვრეთ ასეთია ყველა უზრდელის ხვედრი!ვინც ასე იქცევა უნდა დაისაჯოს თუ არა ბავშვებო?!
– დიააახ! – უპასუხებს ბავშვების ქორო. ბავშვების, ერთ კუთხეში რომ შეჯგუფულან და პატარა გულები შიშისგან უცემთ და არ შეუძლიათ მაღლა ახედვა, რადგან იქ სირცხვილის სახრჩობელაზე დაკიდებულ მათ თანაკლასელს, საცაა ფეხქვეშ სკამს გამოაცლიან და მერე მისი სხეული სულ იქანავებს … როგორც გაფრთხილება!“ – წერს ცირამუა.