“ტყვეობაში მყოფ მოქალაქეებს მსახიობობა დასწამეს, ხანდახან არის დრო, როცა ენა უნდა ჩაიგდო… ” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი ლევან ლორთიფანიძე ზუგდიდის სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დღეს მთელი დღე ლექციები მქონდა, მაგრამ მაინც ვაკვირდებოდი მოვლენებს. ორად ორი ფიქრი მიტრიალებდა თავში – უპირველესად, მძევლების ჯანმრთელობას, გადარჩენას ვნატრობდი … შემდეგ კი პოლიციის წარმატებას ვგულშემატკივრობდი (ჩვენი პოლიციის გადამკიდე, ძალოვანთა გულშემატკივრობის სურვილი იშვიათად გვიჩნდება ხოლმე).დღის ბოლოს მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა – ყოველი კრიზისი, ყოველი საგანგებო სიტუაცია გამოცდაა ჩვენი საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ვერასდროს ვაბარებთ გამოცდებს, სულ ვიჭრებით …ჩაიჭრნენ მედიის უმსხვილესი მოთამაშეები – ნაწილი პირდაპირ ეთერში აჩვენებდა შენიღბული და ჩასაფრებული სპეცრაზმელების მოქმედებებს, ნაწილი მძევლების პარტიულ კუთვნილებაზე სვამდა აქცენტს.ჩაიჭრნენ პოლიტიკოსები – ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც მძევლების საკითხით ქულების დაწერა სცადეს. ეს ცხოველები შეეცადნენ, რომ სათავისოდ დაეხურდვებინათ ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული თემა, მუშტი-კრივიც კი გამართეს სპეცოპერაციის ადგილთან, დატყვევებულთა სეგრეგაციასაც არ მოერიდნენ.ჩაიჭრნენ საზოგადოების რიგი წარმომადგენლებიც, რომლებმაც გაუთავებელი, ვნებიანი დისკუსია ატეხეს ოპერაციასთან დაკავშირებით, გაერთნენ ახალი, უცხო მოვლენის გამოჩენით, თითქოს “სიჩქარესა” და სანდრა ბალოკის მუხლებს უყურებდნენ ეკრანზე და არა რეალურ კატასტროფას… უხვად აფრქვიეს თავიანთი ბრძნული აზრები, ტყვეობაში მყოფ მოქალაქეებს მსახიობობა დასწამეს, რჩევები და რეკომენდაციები გასცეს! ხანდახან არის დრო, როცა ენა უნდა ჩაიგდო… და მხოლოდ შენი თანამოქალაქეების სიცოცხლის დარაჯად გადაიქცე. იმედია, პოლიცია მაინც არ ჩაიჭრება და დამნაშავეს დასჯის სათანადოდ! ” -წერს ლორთქიფანიძე.