“უბრალო ,,Bounty” არა, უბრალოდ, ამბავია… კარებთან ვდგავარო… შოკოლადი დატოვა და გაიქცა…” – პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
უბრალო ,,Bounty” არა, უბრალოდ, ამბავია… უცებ გამახსენდა და მეგობრების საერთო მინაწერებში ვთქვი, მომინდა, მეთქი… ნახევარ საათში მესიჯი მომივიდა, კარებთან ვდგავარო… შოკოლადი დატოვა და გაიქცა…
არაფერი, ჩვეულებრივი და არავითარი განსაკუთრებული… ჰო, ეს ,,არაფერიც” ისე დეფიციტური და იშვიათი გახდა, გვიკვირს… მხოლოდ მაშინ ეცოდებით, როცა სიკვდილის პირას დგახარ, ან აბსოლუტურად უმწეოდ ხარ დარჩენილი. გვძულს ერთმანეთი, სიცოცხლის ძვირფას წუთებს ვპარავთ ერთმანეთს და გვეზარება ბედნიერი, თავისუფლად მოაზროვნე, ლაღი და მომღიმარი ადამიანები. უკანასკნელი ლუკმა პურის ფასად ვაშენებთ ტაძრებს და სულიერად ვინგრევით, ვისმხვრევით ერთმანეთის გაყინული გულის სარქველთან… სანუგეშო სიტყვა არ წამოგვცდება, არც იმედს ვიტოვებთ… ხვალამდე გადადებულ მომაკვდავს დღეს ვუმოკლებთ სიცოცხლეს… თითქოს სამოთხის შესასვლელთან დგომის უპირატესობა ,,მეს” მიანიჭეს და დანარჩენს ჯოჯოხეთის წუნწუბასა და ცეცხლში ვწვავთ და ვხარშავთ… გვიყვარს დათრგუნული, გაუბედურებული სახეების ყურება… ფეხზე მდგარს ქვებს იქამდე ვესვრით, სანამ არ წავაქცევთ… ვიგონებთ გაუგონარ ჭორებს და ისტორიებს… ამ ყველაფრის მიღმა კი, ისევ ამ ტიპის საზოგადოებრივი აზროვნების მსხვერპლი ვხდებით… ბედნიერებას და სიხარულს ერთმანეთს ვუმალავთ. გაბოროტებულები იმდენს ვერ ვხვდებით, რომ ყველაზე მეტად თავს ვინადგურებთ… ვერც იმას ვხვდებით, რომ ღმერთს ბაგეებიდან წამოსული, დაზეპირებული ლოცვები არა, გულიდან ამოხეთქილი უბრალო სიტყვები ესმის… ფარისევლობას, სიყალბეს ღირსებად მივიჩნევთ, განსხვავებული აზრის გამო ჯვარცმას ვაწესებთ…
ეს ის სინამდვილეა, რომელსაც სარკეში ჩახედვის დროს აუცილებლად დავინახავთ, მაგრამ გვძულს ასეთი სარკეც!..