ქართველი იუმორისტის თვალით დანახული ჩერნობილის ტრაგედია – “ამას ლაპარაკობდა და ძალიან ოდნავ ბარბაცებდა და შარვალზე უკნიდან კევი ჰქონდა მიტყეპებული”

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ჩერნობილის ბოლო სერია როგორ დამთავრდება არ ვიცი, მაგრამ თვითონ ჩერნობილი როგორ დამთავრდა, შემთხვევით შევესწარით ,,სასტავი” და მოგიყვებით: 2000 წლის 15 დეკემბერი იდგა. კიევში ვართ “ზამთრის თასზე” KBH-ში, რომელიც პირველად ტარდება. კონკურსის ბოლოს, როცა ყველა გუნდი სცენაზე ერთად ვდგავართ (მათ შორის უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტიც) და გამარჯვებულის გამოცხადებას ველოდებით, უცებ მასლიაკოვმა გამოაცხადა, დღეს კიევის მერი გვესწრება და ვთხოვოთ სცენაზე ამოვიდეს და 1-2 სიტყვა გვითხრასო.ამოვიდა ზომაზე სამჯერ უფრო ნასვამი კაცი და დაიწყო, დღეს, როგორც იქნა, ჩერნობილის სადგური დავხურეთ და მერე ერთად ვასვამდით მეო, რუსეთის PM ჩერნომირიდნი და ბელარუსის PM . . .და გვარი ვერ გაიხსენა. მერე დარბაზიდან უკარნახა ვიღაც მხიარულმა და მადლიანმა. კიდე ის მახსოვს, რომ როცა ამას ლაპარაკობდა და ძალიან ოდნავ ბარბაცებდა და შარვალზე უკნიდან კევი ჰქონდა მიტყეპებული. ეტყობა უშნოდ დააჯდა. მერე მასლაიაკოვს რაღაცაზე დასცინა და ღიღინ-ღიღინით ჩავიდა უკან დარბაზში.