“ყველას მინუს ივანიშვილი და ყველას პლუს მიშა” – ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია

ეკონომისტი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
მოხარული ვარ, რომ პარტიაშიც, გაერთიანებულ ოპოზიციაშიც და ჩვენთვის ნამდვილად საამაყო მხარდამჭერთა რიგებშიც შედგა კონსესუსი მთავარ პრინციპზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასაშვებად მთავარი ფრონტი უნდა გავაჩაღოთ ქუჩაში, მოქალაქეთა კონსოლიდირებული საპროტესტო აქციების სახით. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არჩევნების იდეის დისკრედიტაცია და ამ მიმართულებით ნიჰილიზმის დათესვა. არჩევნები უნდა განვიხილოთ როგორც ჩვენი გამარჯვების იურიდიულად გაფორმების ლეგიტიმური და კონსტიტუციური აქტი. მაგრამ, ივანიშვილის უზურპატორი და კორუმპირებული ხელისუფლება პოლიტიკურად უნდა დავანგრიოთ საყოველთაო საპროტესტო აქციებით და ამ ფონზე ტრიუმფალურად გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში. ანუ, საპროტესტო აქციები და არჩევნები არ გამორიცხავს ერთმანეთს. პირიქით, ავსებს და აგვირგვინებს ჩვენს უკომპრომისო ბრძოლას.
ნურავის შეგეპარებათ ეჭვი, რომ მიშას პარტია, რომელმაც უამრავი ქარტეხილები გამოიარა, უნდა გადაიქცეს და გადაიქცევა იმ მაკონსოლიდირებელ ძალად, რომელმაც უნდა იკისროს მთავარი დამრტყმელის ფუნქცია და ამ მიზნისთვის უკვე დაიწყო ფუნდამენტური მუშაობა, რომელიც ძალიან მალე, მაქსიმუმ თვენახევარში უკვე დაიწყებს რეალური შედეგების მოტანას, რასაც ყველა ერთად ვიხილავთ. ახლა ის დროა საბოლოოდ დავამარცხოთ ნიჰილიზმი საკუთარ თავებში და ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი. ამასთანავე, ყველა ერთად გავხდეთ მაკონტროლებელნიც და ხელისშემწყობნიც, რათა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ როგორც ოპოზიციის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ და მაკონსოლიდირებელმა პარტიამ ძალიან მოკლე დროში და აუცილებელი ტრანსფორმაციების გზით იტვირთოს ეს ფუნქცია და გაამართლოს თითოეული ჩვენთაგანის იმედები.
ჩვენი ერთობით და შემართებით უნდა დავამარცხოთ მოქალაქეთა ნიჰილიზმი და ის ბოროტება რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. დღეიდან უნდა შევცვალოთ სლოგანი ყველას მინუს ივანიშვილი ახალი სლოგანით: “ყველას პლუს მიშა”! იმიტომ, რომ მიშასა და ნაციონალური მოძრაობის გარეშე გამარჯვება წარმოუდგენელია!
ძალა ერთობაშია!