“შეიტანეთ ეს სიტყვები სახელმძღვანელოებში და ასწავლეთ ბავშვებს, როგორი არ უნდა იყოს პარლამენტის წევრი” – მამა თამაზი რომან კაკულიას დაუპირისპირდა

დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ქართული ოცნების” დეპუტატს, რომან კაკულიას უპირისპირდება, რომელმაც უსეთის მოქალაქის მიერ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ ფაქტზე განაცხადა, რომ ინფორმაციის ნაკლებობის გამო რთულია ამ თემაზე საუბარი და გაბუნიას გახმაურებულ მონოლოგს ისტერიკული უწოდა.
“სრულიად სამარცხვინო და მოღალატური განცხადება! სულერთია, გაბუნია იქნება თუ ნებისმიერი სხვა, საქართველოს მოქალაქე; მათივე ხელისუფლებამ დააკავა საკუთარი მოქალაქის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე და ეს არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ჭორიკნობას და ნიშნის მოგებასაა აყოლილი. შეიტანეთ ეს სიტყვები სკოლის სახელმძღვანელოებში და ასწავლეთ ბავშვებს, როგორი არ უნდა იყოს პარლამენტის წევრი. სწორედ ამათნაირების გამოა, პატივს რომ არ სცემს ოკუპანტი საქართველოს” – წერს მამა თამაზი.
“არ ვიცი მართალი გითხრათ ეს საკითხი ბოლომდე, ისტერია მემგონი თავად გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ ვერ გეტყვით ახლა აქ რასთან გვაქვს საქმე. ეს ისეთი თემაა, ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს დასკვნის გაკეთება ძნელია”, — თქვა რომან კაკულიამ.