“ჩვენი თანამოქალაქეების რაღაც რიცხვის სიცოცხლე ამას შეეწირება” – გია ნოდია კორონა ვირუსის საფრთხეზე

ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კორონა ვირუსის მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენის შესახებ საუბრობს. როგორც ცნობილია კორონა ვირუსის გამო მსოფლიო გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2,7$ ტრილიონი დაკარგოს, რაც შეუძლებელია არ აისახოს საქართველოზეც და ჩვენი ქვეყანა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის გარდა, ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების ამოცანის წინაშეც დგას.
“ბუნებრივია, ახლა ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობთ, კორონავირუსი ჩვენთანაც მასობრივად არ გავრცელდეს. თუ ეს მოხდა, ჩვენი თანამოქალაქეების რაღაც რიცხვის სიცოცხლე ამას შეეწირება, ხოლო ადამიანის სიცოცხლის დაცვა პრიორიტეტია.
იმედი მაქვს, მასობრივ ეპიდემიას თავიდან ავიცილებთ – ამის შანსი ალბათ კიდევ არის. მაგრამ ასეთ, კარგ შემთხვევაშიც მტკივნებულ დარტყმას მიიღებს ეკონომიკა – ამაზე იმდენს არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენს შემთხვევაში, განსაკუთრებით გაუჭირდება ეკონომიკის შედარებით წარმატებულ და მზარდ სექტორს, რომელიც ტურისტების მომსახურებაზე დგას. შეიძლება, ფსიქოლოგიურად ძნელი იყოს, ეკონომიკურ დანაკარგზე ილაპარაკო იქ, სადაც ადამიანების სიცოხლეს ემუქრება საფრთხე, მაგრამ ეკონომიკური ვარდნაც ბევრი სრულიად კონკრეტული ადამიანის ტკივილია” – წერს გია ნოდია.