“ჩვენ უამრავი წიგნი გვქონდა, სანამ ჩემი სახლი დაიწვებოდა… მინდა, რომ წიგნები მქონდეს” – 11 წლის ანას ემოციური წერილი გიორგი კეკელიძეს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის 11 წლის ანას ემოციურ წერილს ასაჯაროებს, რომელსაც უბედური შემთხვევისას სახლი და მასთან ერთად წიგნებიც დაეწვა.
“ყოველდღე მოსწავლეებისგან ათობით წერილს ვიღებ და ეს წერილები ჩემთვის არის ზუსტი პასუხები იმ უიმედო კითხვებზე : ,,გვეშველება რამე?” ან ,,რა ელის უბედურ საქართველოს?”. მთავარი ის კი არ არის, ჩვენ რომ მერე წიგნები ჩაგვაქვს, არამედ ის, რომ ეს პატარები, აი, მაგალითად, ასეთ წერილებს გვწერენ:
” გამარჯობა, მე ანა ვარ, 11 წლის. ფეისბუქ გვერდი არ მაქვს და დედას გვერდით ვსარგებლობ. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ვცხოვრობ ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეში. დედასაც ძალიან უყვარს წიგნები, მამასაც. ჩემს ძმებსაც უყვართ კითხვა, განსაკუთრებით ლუკას, რომელიც სკოლას ამთავრებს. ბებო 47 წელი ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ჩვენ უამრავი წიგნი გვქონდა, სანამ ჩემი სახლი დაიწვებოდა. 11 სექტემბერს სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა. მე და ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად წიგნები და ფოტოები დაგვენანა, რომლებსაც ძალიან დიდი ხანი ვაგროვებდით. ამიტომ გადავწყვიტე, რომ თქვენთვის მომემართა. ინტერნეტიდან გიცნობთ. ვიცი, რომ ჩხოროწყუშიც იყავით,ბევრს ეხმარებით წიგნებით და ვიფიქრე, იქნებ შეძლოთ ჩვენი დახმარებაც. ახლახან უბედური შემთხვევაც მომივიდა და 3 კვირა ვიწექი, ძალიან მოვიწყინე. ახლა ჩვენ პატარა სახლი გავაკეთეთ, სადაც მინდა, რომ წიგნები მქონდეს. ჩემს ოთახს წიგნებით დავამშვენებ. მოუთმენლად ველოდები თქვენს პასუხს.”
(წერილს მოსწავლის და მისი ოჯახის ნებართვით ვაქვეყნებ და ცხადია, რომ ბიბლიოთეკასაც მოვუწყობთ) ” – წერს გიორგი კეკელიძე.